იმერული სამზარეულოს მშვენებაა ჭყინტი ყველი და ხაჭაპური. მჭადს და ხაჭაპურს აქ როგორც წესი კეცზე აცხობენ. იკვებებიან მხალეულითა და ფრინველის ხორცით. მხალეულს იმერეთში ნიგვზითა და ძმრით კაზმავენ, შემწვარ ხორცეულს კი ნიორწყალში ან საწებელში აწყობენ. აქაურების სიამაყეა ცოველების შიგნეულობისაგან დამზადებული კერძი - კუჭმაჭი. იმერეთში ტრადიციულად ამზადებენ სოკოს კერძებს, გამორჩეულია ქამა და ნიყვის სოკოსაგან დამზადებული საკვები და მანჭკვალას კონსერვი, რომელიც დამარილებული ინახება რამდენიმე ზამთარს. აქაურების უსაყვარლესი საჭმელია ამოზელილი ლობიო, რომელსაც ხშირად ნიგვზით ან კვაწარახით ამზადებენ.
“ხაჭაპური ჰქვია ქართულ ყველიან პურს”, მაგრამ საქართველოში ხაჭაპური უფრო მეტია ვიდრე ყველიანი პური. მის გარეშე არ არსებობს სადღესასწაულო სუფრა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, თუმცა, თუ მის ტექნოლოგიას გადავხედავთ, ხაჭაპური სახელდახელო საუზმეა, რომლითაც უცბად მოსულ სტუმარს გაუმასპინძლდები და დაანაყრებ.
საქართველოს ყველა კუთხეში, სადაც ხაჭაპურის ტრადიცია არსებობს, მას თავისებურად აცხობენ. ისინი განსხვავდება ერთმანეთისგან მომზადების ტექნოლოგიით, ფორმით და ყველის სახეობითაც კი. ხაჭაპურის სახელწოდებისა და წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, იგი პირველად ვინმე ხაჭამ გამოაცხო სვანეთში და შემდეგ გავრცელდა დანარჩენ საქართველოში. უფრო დამაჯერებლად ჟღერს ხაჭაპურის სახელწოდების დაკავშირება ხაჭოსთან და პურთან. ვინაიდან ხაჭო თავისი კონსისტენციით ძლიერ წააგავს დაფხვნილ ყველს, რომელსაც დებენ სახაჭაპურე ცომში
იმერული ხაჭაპურის მომზადების წესი.
იმერული ხაჭაპური მზადდება საფურიანი ცომით და უმარილო იმერული ყველით, მაგრამ შეიძლება გამოყენებული იყოს მარილიანი ყველით ან სულგუნით. თუ კი ყველი ჭყინტია და უმარილო მას დალბობა არ სჭირდება და პირდაპირ ავჭყენტთ და გავატარებთ ხორცის საკეპ მანქანაში, ზოგჯერ ყველში ურევენ კარაქს, კვერცხს და უმატებენ ცხიმს. თუ კი ყველი მაგარია, მაშინ მას დავჭრით, დავასხამთ ცივ წყალს, გავაჩერებთ 2-5 საათი, შემდეგ კარგად გავწურავთ და ავურევთ. გამოცხობისათვის შეიძლება გამოვიყენოთ აირღუმელი, კეცი ან ტაფა.
ნიყვი, სოკოწითელა . ქუდიანი სოკოფირფიტოსანთა ოჯახისა. მისი ქუდის დიამეტრი 20 სმ აღწევს, ნახევარსფეროსებრია, მოწითალო-ნარინჯისფერი. ფირფიტები მოყვითალოა, ფეხზე მოყვითალო არშია აქვს, ძირში კი — თეთრი ტოპრაკისებრი წარმონაქმნი. ჩვენში მხოლოდ დასავლეთ საქართველოს წიფლნარსა და მუხნარში იზრდება ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში. საუკეთესო საჭმელი სოკოა, იხმარება მხოლოდ ახალი (მოხრაკული ან შემწვარი).
No comments:
Post a Comment