ბაგრატის ტაძარი
ისტორია
ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“ (1003). თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, „შემუსრეს ოსმალთა“. XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.
არქიტექტურა
ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.
მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და „სათაურებს“. უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენტები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშვენებდა.
ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას.
გელათის მონასტერი
ისტორია
XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XIII საუკუნის II ნახევარსა - XV საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიური დაკნინების გამო (მონღოლების, თემურლენგის შემოსევები, გამწვავებული შინაფეოდალური საადგილმამულო ბრძოლები) გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ.
საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მგელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო და საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს - კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძე. XVI საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატ III-მ გელათის მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკური-მორალური და ეკონომიური მდგომარეობა. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.
XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. XVIII საუკუნის დამლევს მონასტერი ფლობდა 42 სოფელს.
რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს გაუქმების (1810) შემდეგ გელათის მონასტერი საეკლესიო სენიორიიდან სახელმწიფო დაწესებულებად - შტატის მონასტრად იქცა.
ჯერ კიდევ XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის თაოსნობით, გელათის მონასტერში დიდი შემოქმედებითი საქმიანობა გაჩაღდა. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578), ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616), გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I,ზაქარია გაბაშვილი და სხვა.
კომპლექსი
გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელში, დავით აღმაშენებლის საფლავია. გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, ტერიტორიულად ახლოს მდებარეობდა სამეფოს პოლიტიკურ ცენტრთან - ქუთაისთან, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე:დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, თამარი (თამარის ისტორიკოსების ცნობით) და სხვა. იმერეთის მეფეები: ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა.
გელათის მონასტერი ერთ-ერთი მდიდარი ფეოდალური სენიორია იყო. მის მფლობელობაში ითვლებიდა ვრცელი მიწა-წყალი. მეურნეობაში წამყვანი დარგი იყო მიწათმოქმედება, განვითარებული მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა.
არქიტექტურა
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილიგუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი - სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი. ეკლესიისათვის სხვადასხვა დროს მიუშენებიათ: დასავლეთ მხარეს - სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი ეკვდერები. ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით დაახლოებით 35 მ x 36 მ სიმაღლე 34 მ-მდე. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით და თითქმის სრულიად მოკლებულია ჩუქურთმებს. ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს. კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით.
მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. შიგნიდან კედლები დაფარულია XVI საუკუნის მოხატულობით. მთავარი ტაძრიდან 9 მ-ზე აღმართულია XIII-XIV საუკუნეების წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთით XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი - თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური - წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსია, ხოლო სულ ზემოთ - სამრეკლო.
გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას (ფართობი დაახლოებით 300 მ²) აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია. მოგვიანებით შუა შესასლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული. შენობას დიდი სარკმლები ანათებდა, კედლები მოხატული ჰქონდა.
მოხატულობა
მთავარი ტაძრის კონქში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, დასავლეთ სტოაში - XII საუკუნის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრეთ ეკვდერში - დავით ნარინის ორი, XIII საუკუნეში შესრულებული პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ. განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები (XVI ს.): ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რომელიც, როგორც ჩანს, ადრინდელ მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ XVI საუკუნეში აღუდგენიათ ძველი ნახატის მიხედვით.
No comments:
Post a Comment